ანსამბლი „სუხიშვილები" ბათუმში კონცერტების სერიას გამართავს

კონცერტების ბილეთები აქტიურად იყიდება.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები" ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კონცერტებს 13-15 აგვისტოს გამართავს.
ანსამბლი აქტიურად ატარებს გასტროლებს ამ ზაფხულში, მართავს მრავალ კონცერტს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ამჟამად ანსამბლი კვიპროსში იმყოფება, სადაც რამდენიმე კონცერტი ჩაატარა.
ანსამბლი „სუხიშვილები"
ანსამბლის შემქმნელები, პროფესიონალი მოცეკვავეები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული ხალხური ცეკვის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეუდგნენ.
სუხიშვილისა და რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს. უკვე 1948 წელს ანსამბლი გასტროლებით გაემგზავრა ევროპაში. ამას მოჰყვა მიწვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
ანსამბლი „სუხიშვილები"
დღეს მსოფლიოში სახელგანთქმულ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილის დინასტიის მესამე თაობა ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი – ნინო სუხიშვილი.
ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი
ანსამბლმა ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. მოდერნისტული ბალეტის პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.