მსოფლიო დღეს

ტაშკენტში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის გაფართოებაზე იმსჯელეს

Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ტაშკენტში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) მინისტრთა საბჭოს სხდომა გამართა, რომელსაც უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმირ ნოროვი თავმჯდომარეობდა.
დისკუსიებს ესწრებოდნენ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მუხტარ ტილეუბერდი, ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიროჯიდინ მუხრიდინი, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენბეკ კულუბაევი, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრამანიამ ჯაიშანკარი, პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბილავალ ბუტო ზარდარი და ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზანგ მინგი.
ლოგვინოვი: SCO-სთან ურთიერთობის დამყარება არცერთ ქვეყანას არ გადაუფიქრებია
როგორც ნაროვმა განაცხადა, ცენტრალურ აზიაში კონსტრუქციული თანამშრომლობა SCO-ს სივრცის სტაბილურობის, განვითარების, კეთილდღეობისა და ეფექტური თანამშრომლობის რეგიონად გადაქცევას ემსახურება.
მისი თქმით, „ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერების საკონსულტაციო შეხვედრის შედეგებმა აჩვენა რეგიონის ქვეყნების მონდომება, კიდევ უფრო გააძლიერონ საიმედო და ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობები მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“.
შეხვედრაზე განიხილეს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობის, ეკონომიკური, საინვესტიციო, სამრეწველო, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები.
შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ხელი მოაწერეს რიგ დოკუმენტებს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 2001 წლის 15 ივნისს დაფუძნდა. ამ დროისათვის მისი წევრები არიან: ჩინეთი, რუსეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ინდოეთი და პაკისტანი. SCO-ს დამკვირვებელი ქვეყნებია: ავღანეთი, ბელარუსი, ირანი და მონღოლეთი; პარტნიორი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, სომხეთი, კამბოჯა, ნეპალი, თურქეთი და შრი-ლანკა. 2021 წლის სექტემბერში დუშანბეში გამართულ სამიტზე ორგანიზაციაში ირანისა და ეგვიპტის მიღების პროცედურა, ხოლო კატარისა და საუდის არაბეთისთვის — პარტნიორის სტატუსის მინიჭების პროცედურა დაიწყო.