მსოფლიო დღეს

ესპანეთის პროკურატურა შაკირას 8 წლით დაპატიმრებას მოითხოვს

Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ესპანეთის პროკურატურამ მომღერალ შაკირასთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და ასევე 23 მილიონ ევროზე მეტი ჯარიმის გადახდა მოითხოვა გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე, იუწყება გაზეთი El Pais-ი საზედამხედველო ორგანოს განცხადებაზე დაყრდნობით.
გამოცემის მონაცემებით, შაკირა ესპანეთში 2012-2014 წლებში გადასახადებს არ იხდიდა და ეს თანხები ოფშორულ ანგარიშებზე გადაჰქონდა.
ესპანეთის ქალაქ ესპლუგეს-დე-ლიობრეგას (ბარსელონის პროვინცია) სასამართლო უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო სხდომების დაწყების შესახებ.
ცნობილი ხდება, რომ პროკურატურამ შაკირას ბრალდება გასულ კვირაში წაუყენა და „სახელმწიფო ხაზინის წინააღმდეგ ჩადენილი ექვსი დანაშაულისთვის“ მომღერლისთვის რვა წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
27 ივლისს შაკირამ უარი თქვა პროკურატურასთან გარიგებაზე, ვინაიდან 14,5 მილიონი ევროს გადახდა, რასაც მას ედავებიან, თავისი ინტერესების საზიანოდ და არაპროპორციულად მიიჩნია. მომღერალმა უწყება „უკომპრომისობასა და ზეწოლის შეუსაბამო საშუალებების“ გამოყენებაში დაადანაშაულა.
Euro Weekly News-ის ცნობით, სადავო პერიოდში მომღერალი ბაჰამის კუნძულებზე ცხოვრობდა და მხოლოდ „დროდადრო“ სტუმრობდა ესპანეთს, ამ ქვეყანაში საგადასახადო რეზიდენტის სტატუსით. თუმცა სასამართლოს წარმომადგენლები საპირისპიროს ამტკიცებენ. მათი ინფორმაციით, შაკირამ ესპანეთში 183 დღეზე მეტი გაატარა წელიწადში. სამწლიანი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით პროკურატურა არსებულ საფუძვლებს საკმარისად მიიჩნევს მომღერლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დასაწყებად.