პრემიერი: დამტკიცებულია, რომ საქართველო იცავს დასავლეთის სანქციებს

საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ" მრავალი თვის განმავლობაში წარმოებულ ცილისწამებაზე პასუხი მიიღო.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველო არ ეხმარებოდა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში და ეს დადასტურებულია მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
იმის თაობაზე, რომ საქართველო რუსეთს უკრაინის მოვლენების გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, არაერთხელ განაცხადეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მათმა მომხრეებმა, ასევე უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებმა.

„დადასტურებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა ქვეყანაში... ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ, ვიმუშავებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ეს არის პასუხი ამ მრავალთვიან, უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მიმდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მიუხედავად ოპოზიციის ნაწილისა და უკრაინის წარმომადგენლების მრავალრიცხოვანი მოწოდებებისა, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა და ეს იმით ახსნა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება.
ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დონეზე და ამავე დროს იცავს საერთაშორისო სანქციებს. საქართველოს საფინანსო სექტორი, ეროვნული ბანკის მითითებით, სანქციებს დაუყოვნებლივ, 26 თებერვალს შეუერთდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი სანქციების დაცვას მკაცრად აკონტროლებს>>
„საქართველოს ეროვნული ბანკი და საფინანსო ინსტიტუტები მთლიანად მოქმედებენ ფინანსური სანქციების შესაბამისად, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესეს", – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
ასევე აღნიშნულია, რომ საფინანსო ინსტიტუტები ადგილზე სისტემატურად მოწმდება.
რუსეთმა უკრაინაში ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.