რა მოხდა ბობოყვათის სამკერვალოში: 40-ზე მეტი თანამშრომელი საავადმყოფოშია მოთავსებული

როგორც საწარმოს დირექტორი აცხადებს, ყველაფერს მიმდინარე გამოძიება დაადგენს.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბობოყვათის სამკერვალოს 43 თანამშრომელი ორ სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებული, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამშრომლებმა თავი შეუძლოდ სამუშაო პროცესის დროს იგრძნეს, თუმცა რა გახდა მათი ცუდად ყოფნის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
პირველადი ვერსიით ვარაუდობდნენ, რომ შენობაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რაც მალევე გამოირიცხა, რადგან, როგორც „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა განაცხადა, საწარმოს ბუნებრივი აირი კვირაზე მეტია არ მიეწოდება.
საწარმოს დირექტორი დავით ჯაიანი ასევე გამორიცხავს თანამშრომლების კვებით ინტოქსიკაციას, ვინაიდან, მისი განმარტებით, ისინი შეუძლოდ სადილამდე გახდნენ.
ამ წუთებში ადგილზე შრომითი ინსპექციის წარმომადგენლები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, პოლიცია და „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლები.
წყარო: რუსთავი 2