გორის თავდაცვის აკადემიაში მამაკაცი გარდაიცვალა

პირველადი მონაცემებით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე სამსახურში ყოფნისას 51 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაცვის ძალების ლოჯისტიკის სარდლობის ინფრასტრუქტურული ცენტრის თანამშრომელი იყო.
უწყების ცნობით, მამაკაცი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანა „გორმედის“ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელმაც გარდაცვალება დაადასტურა. პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, გამხდარიყო გულის უეცარი გაჩერება, ზუსტ მიზეზებს კი შესაბამისი ექსპერტიზა ადგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.