Batumi Discount Card-ი ტურისტებს 40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს

აღნიშნული ბარათის შექმნის მიზანი ტურისტებისთვის აჭარაში მოგზაურობის გამარტივება და მათი წახალისებაა.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. აჭარაში დასვენებისას ტურისტებს განახლებული ფასდაკლებების ბარათით – Batumi Discount Card-ით შეუძლიათ ისარგებლონ, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, იახტკლუბი, კინოთეატრი „აპოლო“, ჯომარდობა და ზიპლაინი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი, „ეშმაკის ბორბალი“, საბაგირო გზა „არგო“ – იმ 50-მდე ტურისტულ ობიექტს შორისაა, სადაც ტურისტებს Batumi Discount Card-ით 40%-მდე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ.
ფასდაკლების ბარათი Batumi Discount Card არის ერთიანი ფასდაკლების ვაუჩერი, რომელშიც თავმოყრილია აჭარის რეგიონში არსებული საინტერესო ტურისტული ობიექტები, რომლებიც ტურისტებს 10-40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ. გარდა ამისა, ბარათი შეიცავს მუნიციპალური ტრანსპორტის 10 მგზავრობას, უფასო სიმბარათს 1 GB ინტერნეტით ანგარიშზე, ბათუმის ტურისტულ რუკებსა და გზამკვლევებს.
Batumi Discount Card-ის შექმნის მიზანი ტურისტებისთვის აჭარაში მოგზაურობის გამარტივება და მათი წახალისებაა – მოინახულონ უფრო მეტი ტურისტული ობიექტები რეგიონში დასვენებისას. ბარათის გამოყენების, ფასდაკლებებისა და პროექტში მონაწილე ტურისტული ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებ-პორტალზე.
ფასდაკლებების ბარათების შეძენა როგორც ონლაინ ვებ-გვერდზე, ისე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებშია შესაძლებელი. ბარათის განახლება ყოველწლიურად ხდება, მას ემატება ახალი ობიექტები და სერვისები, იხვეწება ტურისტულ ობიექტებთან თანამშრომლობის პირობები, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოსა და პოპულარულს ხდის, აღნიშნავენ ტურიზმის დეპარტამენტში.