თბილისი, 27 მაისი – Sputnik. წელს ბათუმთან ერთად World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმის ბულვარია წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის ბულვარი ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგების სასახლისა და აკროპოლისის გვერდითაა დასახელებული.
„ბათუმი კი წელსაც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს. World Travel Awards-ის ჯილდოს ბათუმი 2019 წლიდან არ თმობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
World Travel Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმიდან ბრენდული სასტუმროები და მტირალას ეროვნული პარკია წარდგენილი.
ბათუმი, ბულვარი
© Ajara Tourism Department
ბათუმისა და ბათუმის ბულვარისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს 8 აგვისტომდე შეუძლია ღონისძიების ოფიციალურ საიტზე https://www.worldtravelawards.com/vote. გამარჯვებული 1 ოქტომბერს ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.
World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 2023 წელს ბათუმში გაიმართება, რაც ქალაქის ცნობადობის გაზრდას, დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას და საერთაშორისო მასშტაბით ბათუმის, როგორც საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
ბათუმის ბულვარი
© Ajara Tourism Department
World Travel Awards-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. ის აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიის წამყვან სუბიექტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ასევე რეიტინგული მედიის წარმომადგენლებს (ჟურნალ-გაზეთები, ტელევიზია, რადიო, ონლაინ პლატფორმები, სოციალური მედია და ა.შ).