„საქართველოს ქალები": თბილისში ფრანგი ფოტოგრაფის გამოფენა გაიხსნა

ხელოვანმა ფოტოგრაფიით კავკასიელი ქალების ხასიათის, სილამაზისა და სიძლიერის წარმოჩენა მოახერხა, აღნიშნავენ გამოფენის კურატორები.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ფრანგი ფოტოგრაფის ნატალი ტუფენკჯიანის (Nathalie Tufenkjian) გამოფენა სახელწოდებით „საქართველოს ქალები, კავკასიის მარგალიტები“ (Women of Georgia, Pearls of The Caucasus) TBC Concept-ის მრავალფუნქციურ სივრცეში გაიხსნა და 4 აგვისტომდე გაგრძელდება.

ბოლო ორი წელია ნატალი ტუფენკჯიანი დაკავებულია ბუნებრივი განათების პორტრეტული ფოტოგრაფიით და ცდილობს, რომ თავის ობიექტივში საქართველოში მცხოვრები ქალების განსხვავებულობა ასახოს.

„მის ფოტოებში შეგიძლიათ იხილოთ თავდადებული, ძლიერი თუ გულისხმიერი ქალი. გარდა ამისა ტუფენკჯიანს გადაღებული აქვს ხელოვანი ქალების პორტრეტები. ყველა ეს პორტრეტი გვიჩვენებს, რომ ეს განსხვავებული პროფესიისა თუ სოციალური წარმომავლობის ქალი, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებთან ერთად, საკუთარ თავში საუკუნოვანი ტრადიციების მატარებელია. ტუფენკჯიანმა მათი ხასიათის და ჭეშმარიტი არსის მოხელთება ფოტოგრაფიის საშუალებით შეძლო“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
Women of Georgia, Pearls of The Caucasus ფართომასშტაბიანი პროექტია და ავტორი კვლავ განაგრძობს მასზე მუშაობას.
ნატალი ტუფენკჯიანმა პირველი პორტრეტი 1986 წელს გადაიღო. მას შემდეგ მისი სურვილი, ფოტოგრაფიის საშუალებით ასახოს ადამიანების ავთენტურობა, არსად გამქრალა. ფოტოგრაფმა მოასწრო მუშაობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მოდის სამყაროშიც. ფოტოგრაფად მუშაობდა ჟურნალისთვის Vogue Italia და საიუველირო ფირმა Cartier-სთვის.
გარდა ამისა, მოგზაურობით გატაცების თუ სხვადასხვა კულტურებისადმი ინტერესის შედეგია მნიშვნელოვანი რეპორტაჟები ახლო აღმოსავლეთიდან (იორდანია, ირანი, ერაყი და ა.შ.) თუ ლათინური ამერიკიდან (არგენტინა და ა.შ.).