საგადასახადო დოკუმენტების გაყალბება: ფინანსურმა პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ 310.714 ლარის ოდენობის დღგ ჩაითვალეს.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ოთხი ადამიანი მისცა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2019 წლის განმავლობაში შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ყიდულობდნენ ქართული წარმოშობის ხორბალს, შემდეგ მის რეალიზაციას ახდენდნენ, როგორც რუსული წარმოშობის ხორბალს, ამით კი შემძენი კომპანიები იღებდნენ დღგ-ის ყალბ ჩათვლებს.
უწყების ცნობით, დადგინდა, რომ აღნიშნული ოპერაციების შედეგად კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონოდ მიიღეს 310.714 ლარის ოდენობის დღგ-ის ჩათვლა.
გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგად დღგ-ის აღნიშნული ყალბი ჩათვლები სრულად იქნა გაუქმებული.
ბრალდებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.