თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა მიმდინარე წლის 21 მარტს შედგა. ამის შესახებ ნათქვამია ივანიშვილის მიერ ამ დილით გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დეგნანი ივანიშვილს შეხვდა და მისგან „რაღაც მოითხოვა“.
თავის მხრივ, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ იგი დიდი ხანია არ შეხვედრია ბიძინა ივანიშვილს და არანაირი ზეწოლა მასზე არ განუხორციელებია.
„რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
დიპლომატთან შეხვედრის სხვა დეტალები ივანიშვილს არ გაუსაჯაროებია.