ე.წ. გეგეშიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

გავრცელებული ინფორმაციით, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. თბილისის მერიამ ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ვაკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი დავით კვინიკაძე ადგილზე გაეცნენ.
„ჩვენ დავიწყეთ კონსტანტინე გამსახურდიას სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სკვერის ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებული იყო... პროექტის ფარგლებში კი ყველაფერი მოწესრიგდება. სულ მალე თბილისელებს განახლებული მწვანე სივრცე გაახარებს“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სრულად შეიცვლება და მოწესრიგდება განათების და სარწყავი სისტემები. პროექტის ფარგლებში ასევე რესტავრაცია ჩაუტარდება კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლს. ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.
ე.წ. გეგეშიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
გავრცელებული ინფორმაციით, სკვერის ტერიტორიაზე განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება პარკის თანამედროვე ინვენტარი, გაჩნდება საბავშვო მოედანი, დაირგვება სხვადასხვა ხე-მცენარეები.
გარდა ამისა, სკვერს დაამშვენებს შადრევანი და რაც, მთავარია, ტერიტორია, სადაც ამჟამად კაფე-ბარია განთავსებული, სკვერს შეუერთდება.
პროექტის ღირებულება 500 ათასი ლარია.