თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნიდერლანდის ქალაქ როტერდამში სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ ოლიმპიადაზე - „პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022" კიდევ ორი ოქროს მედალი მოიპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოლიმპიადაზე გურიის მთავარი სამმართველოს უფროსი კობა კობახიძე ძალისმიერ წოლჭიმში 120 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ასევე ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და ოქროსმედალოსანი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გიგა ბერიაშვილი. ის ძიუდოში 66 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გუნდს „პოლიციისა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადა 2022“-ზე ოთხი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.
ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ქალაქ როტერდამში მიმდინარე მსოფლიო ოლიმპიადაში, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობას აერთიანებს, შსს-ს წარმომადგენლები შესაბამის სახეობებსა და წონით კატეგორიებში მონაწილეობას აგრძელებენ.