თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. კომპანია Siemens-მა „გაზპრომს“ კანადის მიერ გაცემული საექსპორტო ლიცენზია გაუგზავნა, რომელიც „გაზპრომს“ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის ტურბინის შეკეთების, მოვლისა და ტრანსპორტირების უფლებას ანიჭებს, წერს გაზეთი „კომერსანტი“.
მანამდე „გაზპრომმა“ სამჯერ მიმართა Siemens-ს თხოვნით, მიეწოდებინა ეს დოკუმენტი, რომელიც კანადის სანქციების რეჟიმიდან ტურბინის ამოღებას ადასტურებდა. კომპანიის განცხადებით, მათ სანქციების მოხსნის შესახებ არანაირი საბუთი არ ჰქონდათ ხელთ.
საბოლოოდ, გამოცემის ცნობით, ლიცენზია „გაზპრომს“ 24 ივლისს გადაეცა, თუმცა იმის გამო, რომ დოკუმენტი დაგვიანდა, ტურბინა ვერ მოხვდა ბორანზე, რომელიც გერმანიიდან ჰელსინკიში 23 ივლისს უნდა გასულიყო.
იმ შემთხვევაში, თუ მხარეები წარმატებით გაცვლიან დოკუმენტებს, ტურბინის ტრანსპორტირება შესაძლოა უახლოეს დღეებში განხორციელდეს.
ამასთან „კომერსანტის“ წყაროები ეჭვობენ, რომ ტურბინის მიწოდების შემდეგ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით გაზის გადაქაჩვა მაინც არ გაიზრდება, ვინაიდან შეკეთებას კიდევ რამდენიმე ტურბინა საჭიროებს. „გაზპრომის“ ამჟამინდელი განცხადებებიდან ირკვევა, რომ სადგურ „პორტოვაიაზე“ ამჟამად ცხრიდან მხოლოდ სამი A65 ტურბინა მუშაობს.
Siemens Energy-ს მიერ გაცემული ლიცენზიის მიხედვით, 2024 წლის ბოლომდე კანადაში კიდევ ხუთი დანადგარის გაგზავნაა ნებადართული.
წყარო: Kommersant