მსოფლიო დღეს

„ღმერთო, მოგვეცი წვიმა“: გვალვის შესაწყვეტად მონასტერი საწვიმარ ლოცვებს აღავლენს

Sputnik
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. რუმინეთის ერთ-ერთი მონასტრის მღვდელმსახურები წირვა-ლოცვას აღავლენენ, რათა გვალვა შეწყდეს და წვიმა წამოვიდეს, იუწყება Reuters-ი.
გასულ კვირაში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა, რის გამოც რუმინეთის ასობით სოფელში წყალი დაშრა. მარცვლეულის ექსპორტიორ ქვეყანაში ნათესები ნადგურდება.
რუმინეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მღვდელმსახურებს მოუწოდა, აღევლინათ ტრადიციული „საწვიმარი ლოცვები“. პანტოკრატორის მონასტერში წირვას დაახლოებით ასამდე ადგილობრივიც შეუერთდა.
როგორც ერთ-ერთი მათგანი, 81 წლის იულია კოლეასა ამბობს, ასეთი გვალვა მას არასდროს უნახავს.

„ბავშვები გვყავს, საქონელი გვყავს. ვცდილობთ პომიდორი დავთესოთ ბოსტნებში, მაგრამ ხმება და საჭმელი არაფერი გვაქვს. ღმერთო, მოგვეცი წვიმა, არ მიგვატოვო“, — ამბობს ქალი.

პანტოკრატორის მონასტრის ერთ-ერთი მღვდელმსახურის თქმით, გვალვა მხოლოდ ამ ტერიტორიაზე კი არა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მძვინვარებს. ძლიერი სიცხეების გამო მდინარე დუნაიში წყლის დონე ამ დროისათვის ჩვეულებრივზე სამჯერ დაბალია.
აღინიშნება, რომ რუმინეთის 20 მილიონიანი მოსახლეობის 40%-ზე მეტი სოფლებში ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი ნატურალური მეურნეობითაა დაკავებული, ქვეყანას კი უზარმაზარი ინვესტიციები ესაჭიროება ინფრასტრუქტურის — გზების, წყალსადენებისა და ირიგაციული სისტემების მოსაწყობად.
ამასთან რუმინეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მომავალი კვირის ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მოსალოდნელია ძლიერი წვიმები, თუმცა იქვე დაამატა, რომ ანომალიური სიცხეებიც შენარჩუნდება.
წყარო: Reuters