ქუთაისის მოსახლეობის პროტესტი მეტალურგიული ქარხნის წინააღმდეგ - ეკოლოგების განცხადება

სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან ქარხნის მიმართ მაქსიმალურად მკაცრი ზომები გატარდება.
Sputnik
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა „ამბიკონ სტილსში" ინსპექტირება მიმდინარე წლის მარტსა და ივნისში ჩატარდა, გამოვლენილი დარღვევებისთვის საწარმო დაჯარიმდა, იუწყება საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახური.
გუშინ ქუთაისში ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა ლოზუნგით „მეტალურგიული ქარხანა კლავს“. ადგილობრივებმა გარემოს დაბინძურება გააპროტესტეს. მათი თქმით, ქარხანა ფილტრების გარეშე მუშაობს, რის გამოც მათ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ.
30 მარტს ინსპექტორებმა საწარმოს მიერ დადგენილი პირობების შეუსრულებლობა გამოავლინეს. 19 აპრილს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმი და საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა. 26 ივნისს სასამართლომ „ამბიკონ სტილსი" სამართალდამრღვევად ცნო და 45 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
„დეპარტამენტი მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნავენ უწყებაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ მას შემდეგ, რაც უწყება ოფიციალურად მიიღებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, დეპარტამენტის მხრიდან საწარმოს მიმართ გატარდება მაქსიმალურად მკაცრი ზომები.
ქუთაისის მოსახლეობამ დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართა და მოითხოვა ქარხნის მუშაობის შეჩერება იმ დრომდე, სანამ კომპანია დადგენილ სტანდარტებს არ დააკმაყოფილებს.