კულტურის სამინისტრო თბილისის კინოფესტივალს არ დააფინანსებს - პროგრამა შემცირდება

ფესტივალის ორგანიზატორი – კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე" დაფინანსების მისაღებად კონკურსში მონაწილეობდა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა.
Sputnik
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. თბილისის XXIII საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა შემცირდება, რადგან კულტურის სამინისტრომ მის დაფინანსებაზე უარი განაცხადა, დაზარალდება მისი ხარისხიც, განაცხადა ფესტივალის დირექტორმა, საქართველოს კინოცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა გაგა ჩხეიძემ.
ჩხეიძემ განცხადება ფესტივალის გვერდზე გაავრცელა, სადაც გამოთქვა გაოცება იმ ფაქტის გამო, რომ კულტურის სამინისტრომ ამ წელს ღონისძიების დაფინანსებაზე უარი განაცხადა.

„კულტურის სამინისტროს მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის გამო წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იძულებული იქნება, უარი თქვას საერთაშორისო კონკურსზე, ინდუსტრიულ ღონისძიებებზე, შეამციროს პროგრამა, გააუქმოს არაფორმალური შეხვედრები და ა.შ. ეს თავისთავად აუარესებს კინოფესტივალის ხარისხს", – განაცხადა ჩხეიძემ „TV პირველის" ეთერში.

კულტურის სამინისტრომ 2022 წლის მარტში ჩაატარა კონკურსი „საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერ-კლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)", რომლის მიზანი იყო მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფესტივალო მოვლენების წინ წამოწევა, ახალი პროფესიული შესაძლებლობების წარმოჩენა მხატვრებისა და შემოქმედებითი ორგანიზაციებისთვის და სხვ.
კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე", რომელიც თბილისის კინოფესტივალის ორგანიზატორია, კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა დაფინანსება ვერ მიიღო.
საერთაშორისო ფესტივალების ხელშეწყობისთვის – კულტურის სამინისტროს კონკურსი>>
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია მოგახსენოთ, რომ თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტი ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის სამინისტროს მიერ მოწონებულ არცერთ სხვა კინოფესტივალს არ ჩამოუვარდება. სრულიად გაუგებარია, რა მოსაზრებით იხელმძღვანელა კომისიამ, როცა მან უარი თქვა თბილისის კინოფესტივალის დაფინანსებაზე", – ნათქვამია ჩხეიძის განცხადებაში.
ფესტივალის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროს ოფიციალურად მოსთხოვა ინფორმაცია კომისიის შემადგენლობასა და არგუმენტაციაზე, თუმცა პასუხი არ მიუღია.
ჩხეიძის ვარაუდით, ეს გადაწყვეტილება პირადად მინისტრმა თეა წულუკიანმა მიიღო. მან ისაუბრა თავისი პირადი კონფლიქტის შესახებ მინისტრთან ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც კინოცენტრს ხელმძღვანელობდა.
გაგა ჩხეიძე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან 2022 წლის მარტში გაათავისუფლეს.
კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა: უწყებამ კონკურსი გამოაცხადა>>
მაშინ კულტურის სამინისტრომ მრავალრიცხოვანი დარღვევების არასრული სია გამოაქვეყნა, რომელთა შორის იყო კანონმდებლობის დარღვევით ფინანსური სახსრების ხარჯვის ფაქტები, სერიოზული ნაკლოვანებები კინოცენტრის ფინანსური მართვის სისტემაში, კანონმდებლობის დარღვევების სისტემატური ხასიათი შესყიდვების კუთხით, ასევე სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები, კონტროლის სისტემის არარსებობა და სხვ.
ჩხეიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა კინოცენტრის თხოვნა კულტურის სამინისტროსადმი, შეჩერებულიყო კონტრაქტი რუსულ „გოსფილმოფონდთან" უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით. კონტრაქტის ფარგლებში კინოცენტრს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2016 წლიდან რუსეთიდან ჩამოაქვს ქართული ფილმების ასლები მათი გაციფრულებისა და რესტავრაციის მიზნით.