ჯანმო: საქართველოს მაიმუნის ყვავილის დაავადებაზე კარგი ზედამხედველობა აქვს დაწესებული

საქართველოში დარეგისტრირებულია მაიმუნის ყვავილის ერთი შემთხვევა, პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
Sputnik
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოში მაიმუნის ყვავილის დაავადებაზე კარგი ზედამხედველობაა დაწესებული. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სილვიო დომენტემ განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ ჯანმომ მაიმუნის ყვავილის აფეთქებას „საგანგებო მდგომარეობის" სტატუსი მიანიჭა. ბოლო მონაცემებით, მაისის შემდეგ 70-მდე ქვეყანაში ამ დაავადების 16 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპაში გამოვლინდა.
როგორც სილვიო დომენტემ აღნიშნა, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მაიმუნის ყვავილი ვრცელდება ისეთ რეგიონებში, სადაც აქამდე დაფიქსირებული არ ყოფილა, ასევე დაავადება გადადის ისეთი გზებით, რაც აქამდე მას არ ახასიათებდა.

„მაიმუნის ყვავილთან გამკლავება ითხოვს ჰარმონიზებულ ძალისხმევას სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს აქვს კარგი ზედამხედველობის სისტემა და ეს გახლავთ ის, რასაც ჯანმო მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს – რომ გააძლიერონ დაკვირვება ამ დაავადების გავრცელებაზე", – განაცხადა დომენტემ.

როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, მაიმუნის ყვავილის გავრცელების კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა არ არის. მისი მტკიცებით, ქვეყანაში სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.
გაბუნიას განმარტებით, ამ ეტაპზე განსაკუთრებული მობილიზაციის საჭიროება არ არის რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე.
„ჯერ ერთი, მაიმუნის ყვავილს არ ახასიათებს ისეთი სწრაფი და უკონტროლო გავრცელება, როგორც ეს არის რესპირაციული ვირუსების შემთხვევაში. ასევე ყვავილის ვაქცინაცია წარსულში ჩვენს ქვეყანაში ტარდებოდა და ეს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს იმუნურს ხდის. გარდა ამისა, ეს ვირუსი ახალი არ არის, მისი მიმდინარეობა და მართვის გზები ნაცნობია", – განაცხადა გაბუნიამ.
გამოიწვევს თუ არა მაიმუნის ყვავილი პანდემიას? ინფექციონისტის განმარტება>>
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, თავის მხრივ, ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არა აქვს. მისი თქმით, საქართველო მაიმუნის ყვავილის გავრცელების თვალსაზრისით კეთილსაიმედო ქვეყანაა, რადგან ახალი შემთხვევა სამ კვირაზე მეტია არ გამოვლენილა.
საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა 15 ივნისს დაფიქსირდა. ინფიცირებულს ევროპაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან.
Monkeypox (მაიმუნის ყვავილი) იშვიათი ზოონოზური ვირუსული ინფექციაა, რომლის სიმპტომებიც ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი ყვავილის სიმპტომებს. მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადამიანს ავადმყოფის ინფიცირებით დაზიანებულ კერებთან, ბიოლოგიურ სითხეებთან და ვირუსით დაბინძურებულ ქსოვილებთან (მაგალითად, ლოგინის თეთრეული) მჭიდრო კონტაქტითა და ასევე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. საინკუბაციო პერიოდი 6-13 დღეს მოიცავს, თუმცა, შესაძლოა, 5-21 დღემდე გაგრძელდეს. მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდე მერყეობს.
გამყრელიძე მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებულ ვითარებაზე საქართველოში
მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება.1-3 დღეში სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს. ამ ტიპის გამონაყარი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.
დიაგნოსტიკა ხდება PCR–ტესტირების მეთოდით. გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები.