მსოფლიო დღეს

ტატუ-სალონში მაიმუნის ყვავილით 12 ადამიანი დაინფიცირდა: დაიწყო ეპიდემიოლოგიური გამოძიება

Sputnik
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სილამაზის სალონში, რომელიც პირსინგის, მიკროპიგმენტაციისა და ტატუს კეთებითაა დაკავებული, მაიმუნის ყვავილით 12 ადამიანი დაინფიცირდა, იუწყება Europa Press-ი.
საუბარია ესპანეთის ქალაქ სან-ფერნანდოში (ანდალუზია) მდებარე სალონზე, რომელიც შესაბამისი ინსპექტირების შემდეგ დაკეტეს.
ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური გამოძიება დაიწყო. პარალელურად იძებნებიან ის ადამიანებიც, რომლებსაც დაავადებულებთან კონტაქტი ჰქონდათ.
ამასთან ჯანდაცვის სამინისტრომ გააფრთხილა სილამაზის სალონები, დაიცვან პირსინგისა და ტატუს კეთების წესები, რათა „ამან საფრთხე არ შეუქმნას არც კლიენტებს და არც თავად სალონების თანამშრომლებს“.
როგორც ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, ამ დროისათვის მხოლოდ ანდალუზიაში მაიმუნის ყვავილის 273 აქტიური შემთხვევაა გამოვლენილი, კიდევ 58 შემთხვევა კი გამოძიების პროცესშია.
გასულ შაბათს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მაიმუნის ყვავილი საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს დაავადება ზომიერ რისკს უქმნის მსოფლიოს ყველა რეგიონს, გარდა ევროპისა, სადაც რისკი მაღალია.
წყარო: Europa Press