რა შემთხვევაში აღმოიფხვრება პოლარიზაცია საქართველოში: ირაკლი კობახიძის რეცეპტი

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერის შემცირების საკითხი ღია რჩება, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. საქართველოს პოლიტიკურ გარემოში დეპოლარიზაციის მიღწევის ერთადერთი რეცეპტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბოლომდე დასუსტებაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პოლიტიკურ წრეებში პოლარიზაციის აღმოფხვრა ევროკავშირის 12 პირობიდან ერთ-ერთია, რომელთა შესრულების გარეშეც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.
„დეპოლარიზაციისთვის ერთადერთი რეცეპტი „ნაცმოძრაობის“ დასუსტებაა, ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვიდრე „ნაცმოძრაობა“ ბოლომდე არ დასუსტდება, მანამდე სულ გვექნება პოლარიზაცია“, - განაცხადა კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში.
მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მმართველმა პარტიამ უნდა დაარწმუნოს საზოგადოება იმაში, რომ ამ პოლიტიკური ძალისა და მისი სატელიტებისთვის ადგილი აღარ არის.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოება უნდა დავარწმუნოთ, რომ ამ პარტიის ადგილი აღარ არის, ნებისმიერი სუბიექტი შეიძლება აირჩიონ, მაგრამ საზოგადოება უნდა დავარწმუნოთ, რომ პოლიტიკური ძალის და მისი სატელიტების ადგილი არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, აქამდე ეს ვერ მოხერხდა, რადგან მმართველი პარტია ანგარიშს უწევდა „ნაცმოძრაობის“ ლობისტებსა და მხარდამჭერებს.
ევროდეპუტატებმა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას 12 პუნქტზე ერთად მუშაობისკენ მოუწოდეს >>
კობახიძის განცხადებით, ენმ-ის დასუსტება მცირე ოპოზიციური პარტიების გაძლიერებას გამოიწვევს.
„გამორიცხულია, რომელიმე დემოკრატიულ სისტემაში მმართველმა პარტიამ აიღოს 70-80-90 % არჩევნებში. 60%-იც კი არაბუნებრივია. შესაბამისად, ნაცმოძრაობის დასუსტება ავტომატურად გამოიწვევს ჯანსაღი პოლიტიკური ძალების წინ წამოწევას ამ პოლიტიკურ სისტემაში და ეს უნდა იყოს ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერის შემცირებას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს საკითხი ღია რჩება.
დეპოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში: ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასებები >>
მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად საკუთარი სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. ამ ეტაპზე იგეგმება შესაბამის კანონპროექტებზე მუშაობა საპარლამენტო კომიტეტებში და სპეციალურად შექმნილ ჯგუფებში, რის შემდეგაც საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ მოხდება განხილვა და კენჭისყრა უშუალოდ პარლამენტის სხდომებზე.
ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარს აცხადებს რამდენიმე საპარლამენტო პარტია - ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო საქართველოსთვის“.