თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შემოდგომაზე სამ ტესტ-მატჩს გამართავს - ორს საშინაო სტადიონზე, მესამეს კი გასვლაზე უელსში, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირი.
სამივე თამაში ნოემბერში შედგება: 6 ნოემბერს საქართველო ურუგვაის უმასპინძლებს, 12 ნოემბერს „ბორჯღალოსნებს“ სამოას გუნდი ესტუმრება, ხოლო 19 ნოემბერს ბოლო ტესტ-მატჩი უელსის წინააღმდეგ კარდიფში გაიმართება.
„სამწვრთნელო შტაბი 2-3 კვირა დაისვენებს და შეუდგება მზადებას შემოდგომის ტესტებისთვის. უახლოეს პერიოდში მოვიწვევთ პრესკონფერენციას, სადაც მწვრთნელები ისაუბრებენ 2023 წლის მსოფლიო თასის მოლოდინებზე“ – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ.
მისი თქმით, იტალიაზე გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ხმამაღალი განაცხადი გააკეთა, მაგრამ გუნდს წინ რთული თამაშები ელის.
„შემოდგომის ტესტები კიდევ ერთხელ ადასტურებს მსოფლიო რაგბის მხრიდან ჩვენს მიმართ ყურადღებას. სამი ურთულესი თამაში გველოდება, მით უმეტეს უელსთან, რომელსაც გასვლაზე ვეთამაშებით. ყველამ იცის რა ძალას წარმოადგენენ დღევანდელ რაგბში ურუგვაი და სამოა“, - განაცხადა ტყემალაძემ.
რაგბის კავშირის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, რომელ ქალაქებში გაიმართება საქართველოს ნაკრების საშინაო მატჩები.
რაც შეეხება დასრულებულ საზაფხულო ტესტ-მატჩებს, საქართველოს ნაკრებმა ორი გამარჯვება მოიპოვა - იტალიასა და პორტუგალიასთან, და ერთხელ წააგო - არგენტინის ნაკრებთან.
წყარო - საქართველოს რაგბის კავშირი.