ორშაბათიდან თბილისი-ბათუმის მატარებლის ბილეთები ძვირდება

„მეორე კლასის“ ბილეთის საფასური 36%-ით გაიზარდა
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. 25 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ორსართულიანი მატარებლით მგზავრობის საფასური იზრდება. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებლებით მგზავრობის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა: „მეორე კლასი“ – 34 ლარი, „პირველი კლასი“ – 74 ლარი, „ბიზნეს კლასი“ – 124 ლარი.
დღეს „მეორე კლასის“ მატარებლის ბილეთი ღირს - 25 ლარი, „პირველი კლასის“ - 61 ლარი, ხოლო „ბიზნეს კლასი“ - 100 ლარი.
კომპანია ტარიფის ზრდის მიზეზად ბოლო პერიოდში გაზრდილ ელექტროენერგიის საფასურს, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯებს ასახელებს.
კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ სხვა მიმართულებებზე მგზავრობის საფასური არ იზრდება.
„უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, თბილისი– ზუგდიდის, თბილისი–ოზურგეთის და თბილისი–ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ღირებულება“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტერანებისა და რკინიგზელებისთვის. ასევე მოქმედებს საბავშვო ტარიფი (50%-იანი) – 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე სამგზავრო მატარებლებში. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს.