„იარე, ლიზა“: ნანა ჯანელიძემ ომის რეპორტიორ ქალზე ფილმის გადაღება დაასრულა

ეს არის მძიმე ისტორია ომის შესახებ, რომელიც ჟურნალისტების, მებრძოლების, მწერლების და სასულიერო პირების მოგონებებს ეყრდნობა
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი– Sputnik. რეჟისორმა და სცენარისტმა ნანა ჯანელიძემ დაასრულა მუშაობა ახალ მხატვრულ სრულმეტრაჟიან ფილმზე „იარე, ლიზა“ - ის სამხედრო კორესპონდენტ ქალზე მოგვითხრობს და „როუდ-მუვის“ სტილშია გადაღებული.
„დიდი გზა გავიარეთ, სანამ სცენარის ფორმა, სათქმელი და ჟანრი ჩამოყალიბდა. ეს არის ახალგაზრდა რეპორტიორი ქალის ისტორია, რომელმაც ომი გამოიარა და იგი წითელ ზოლად გაჰყვა მის ცხოვრებას“,- ყვება ჯანელიძე.
სცენარს საფუძვლად უდევს მისი თანაავტორის – ჟურნალისტ ლია ტოკლიკიშვილის გამოცდილება, რომელიც თავად მუშაობდა ომის რეპორტიორად ქართულ-აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს. „იარე, ლიზა“ - საქართველოს და ბულგარეთის კოპროდუქციაა. დრამა გადაღებულია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ფილმში გამოყენებულია 2D-ანიმაციის ფრაგმენტები, რაც მას მეტად უჩვეულოს ხდის. კერძოდ, ფილმში ანიმაციის სახით „გაცოცხლებულია“ ქართულ-აფხაზური ომის მონაწილე მეომრების, მწერლების, პოეტების, სასულიერო პირების დღიურები.
ფილმზე მუშაობდნენ ქართველი და უკრაინელი სტუდენტი-ანიმატორები. ანიმაციას ფილმის 25 წუთი ეთმობა.
ფილმში მონაწილეობენ მწერალი ეკატერინე ტოგონიძე, ასევე მსახიობები ნატო მურვანიძე, მიშა გომიაშვილი, ლუკა თარხან-მოურავი, ანი ჩირაძე, ნინა ერაძე და სხვ. ფილმზე მუშაობდნენ ოპერატორი გიორგი შველიძე, დამდგმელი მხატვარი გოგი მიქელაძე და კომპოზიტორი მიკა მდინარაძე.