მსოფლიო დღეს

თურქეთში „მარცვლეულის დერეფნის“ შესახებ შეთანხმება გაფორმდა

Sputnik
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. დღეს სტამბულში უკრაინის, თურქეთის, რუსეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დერეფნის შესახებ. თუმცა, „უკრაინის პორტებიდან მარცვლეულისა და სურსათის უსაფრთხო ტრანსპორტირების ინიციატივას“ უკრაინულმა მხარემ მხოლოდ თურქეთთან და გაეროსთან მოაწერა ხელი.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, პორტები „ოდესა“, „ჩერნომორსკი“ და „იუჟნი“ მთლიანად იყო და რჩება უკრაინის კონტროლქვეშ. ამ პორტებში სხვა გემების ყოფნა, გარდა იმ ხომალდებისა, რომლებმაც მარცვლეულის, საკვებისა და სასუქების ექსპორტი უნდა უზრუნველყონ, გათვალისწინებული არ არის.
უკრაინის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა მოაწერა, თურქეთის მხრიდან — თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა. რაც შეეხება რუსეთთან ხელმოწერას, თურქეთი და გაერო ცალკე სარკისებურ შეთანხმებას გააფორმებენ მასთან. როგორც კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან მას თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მოაწერს ხელს.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინული მხარე „მარცვლეულის დერეფნის“ შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა რუსულ მხარესთან.