თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. რუსულ ნავთობზე ლიმიტირებული ფასი შესაძლოა უკვე მიმდინარე წლის დეკემბერში დაწესდეს, განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უოლი ადეიემომ.
მისი თქმით, ამ დროისათვის ევროკავშირს იმედი აქვს, რომ რუსული საწვავით დატვირთულ ტანკერებს დაზღვევას დაუბლოკავს.
„ჩვენ მივყვებით იმას, რასაც ევროპელები აკეთებენ. სანქციების მეექვსე პაკეტში მათ აღნიშნეს, რომ შესაძლოა ზღვრული ფასის დაწესებაზე იმსჯელონ. თუმცა ასევე თქვეს, რომ სექტემბრისთვის ნავთობის დაზღვევასთან დაკავშირებით ზომების შემოღებას გეგმავენ“, — თქვა ადეიეომ ასპენის ინსტიტუტის უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე.
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის მიზანია – დეკემბრისთვის, მას შემდეგ, რაც დაზღვევაზე აკრძალვა ამოქმედდება, ზღვრული ფასი დააწესოს, რათა ენერგომატარებლები გაიაფდეს.
ნავთობზე ლიმიტირებულ ფასებთან დაკავშირებით, თავის მხრივ, კომენტარი გააკეთა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა. მისი თქმით, თუ ნავთობის ზღვრული ფასი არ დაფარავს წარმოების ხარჯებს, რუსეთი მსოფლიო ბაზრებს საწვავის მიწოდებას შეუწყვეტს.
აღსანიშნავია, რომ G7-ის ქვეყნები უკვე მუშაობენ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესებაზე, რათა მოსკოვს შემოსავლები შეუმცირონ. 1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი რუსეთიდან საწვავის გადამზიდავი გემების დაზღვევის აკრძალვაზე შეთანხმდნენ.