თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ასევე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, მიმდინარე წლის 19 ივლისს ფონიჭალის დასახლებაში 23 წლის მამაკაცმა დედა და მისი ნაცნობი მამაკაცი დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მამაკაცი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ქალს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სავარაუდო დამნაშავე მომხდარიდან მალევე მივიდა თავის მეგობართან და ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბო, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი პოლიციას არ შეატყობინა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ პუნქტით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „ლ“ პუნქტებით, ასევე, სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გენდერის ნიშნით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას, აგრეთვე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
წყარო - შსს