თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა, აქედან ერთი წარსულში ნასამართლევია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულში წარსულში ნასამართლევმა ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით 20 წლის გოგონა გაიტაცა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ბრალდებულის სახით დაკავებული მეორე პირიც.
პოლიციამ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა, დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირები კი სამართალდამცველებმა დააკავეს, აღნიშნულია ინფორმაციაში.
თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.