თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის 17 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობაზე 294,7 მლნ ლარის ტენდერი გამოაცხადა, ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე.
ხელისუფლებამ აღნიშნული თანხა მიიღო საკრედიტო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკთან გაფორმდა. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მარტის ბოლოს კახეთისა და თბილისის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი დაამტკიცა, რომლის ფარგლებში 109 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა.
აღნიშნული 17-კილომეტრიანი ნაწილი (საგარეჯო–ბადიაური) იქნება კახეთის ახალი ავტომაგისტრალის მეოთხე მონაკვეთი. ტენდერის პირობების მიხედვით, დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები საავტომობილო გზების დეპარტამენტში 31 აგვისტომდე უნდა წარადგინონ.
მსოფლიო ბანკის მოთხოვნების მიხედვით, ტენდერში მონაწილე კომპანიას ბოლო 5 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს არანაკლებ 80 მილიონი დოლარის წლიური ბრუნვა და მინიმუმ 10 მილიონი დოლარის ლიკვიდური სახსრები.
2021 წლის ზაფხულში საქართველოს მთავრობამ კახეთის მიმართულებით ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი წარმოადგინა და საგარეჯომდე 35,2 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე სამი ტენდერი გამოაცხადა. ეს ტენდერები გასული წლის ბოლოს დასრულდა და გამარჯვებულ კომპანიებთან ჯამში 537,8 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტები გაფორმდა.
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული 17-კილომეტრიანი მონაკვეთის ჩათვლით, კახეთში ამ ეტაპზე 52,2 კილომეტრიანი ახალი ავტომაგისტრალი აშენდება, რომლის ჯამური ღირებულება 832,5 მლნ ლარს შეადგენს.