მსოფლიო დღეს

რუსი ოლიგარქის დაკავებულ იახტაზე ფაბერჟეს კვერცხი იპოვეს

Sputnik
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. რუსი ბიზნესმენის სუპერიახტაზე, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებამ კუნძულ ფიჯიზე დააკავა, სავარაუდოდ, ფაბერჟეს კვერცხია ნაპოვნი, განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ ლიზა მონაკომ ასპენში მიმდინარე უშიშროების ფორუმზე, როდესაც რუსული აქტივების გაყინვაში სამართალდამცველი ორგანოების როლზე საუბრობდა.

„გადავიდეთ ყველაზე პიკანტურზე — იახტებზე. ჩვენ მართლაც საინტერესო ნივთებს ვპოულობთ... ერთ-ერთ იახტაზე, სავარაუდოდ, ფაბერჟეს კვერცხი ვიპოვეთ. ასე რომ, სულ უფრო და უფრო საინტერესო რამეები ხდება“, — განაცხადა მონაკომ.

ამასთან მას არ დაუკონკრეტებია, ვის ეკუთვნის აღნიშნული იახტა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ დროისათვის 300 მილიონ დოლარად შეფასებული იახტა სახელად Amadea სან-დიეგოს ყურეში დგას, სადაც ამერიკის სამართალდამცველმა ორგანოებმა გასული თვის ბოლოს ჩაიყვანეს ფიჯიდან.
„ჩვენ მთელ მსოფლიოში ვმუშაობთ კოლეგებთან სამართალდამცველი ორგანოებიდან, რათა ჩხრეკები ჩავატაროთ ამ იახტებზე და დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს უფლება, მივმართოთ სასამართლოს, დავაპატიმროთ ისინი და შემდეგ მისგან მიღებული შემოსავლის კონფისკაცია მოვახდინოთ“, — განაცხადა მონაკომ.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ძვირფასი თვლებით შემკული კვერცხი ნამდვილად ფაბერჟეს ნაკეთობა აღმოჩნდება, ის მილიონობით დოლარი ეღირება.
ფაბერჟეს კვერცხები სიმდიდრისა და ფუფუნების სინონიმად იქცა მას შემდეგ, რაც 1885 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრ მესამემ იუველირ ფაბერჟეს დაუკვეთა მისი დამზადება მეუღლისთვის საჩუქრად. ფაბერჟეს კვერცხის ჩუქება რომანოვების ოჯახის ტრადიციად იქცა მთელი მომდევნო 30 წლის განმავლობაში.
ფაბერჟემ სულ 50 კვერცხი დაამზადა იმპერატორის ოჯახისთვის, რომელთაგან ნაწილი დაიკარგა.