მოასწარით აგვისტომდე: საქართველოში ქორწინების რიტუალი ძვირდება

მათ, ვინც მომავალში ყველაზე ლამაზ საქორწინო ზეიმს გეგმავდა, უნდა იჩქარონ
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოში 1 აგვისტოდან ქორწინებასთან დაკავშირებული რიტუალების ღირებულება ძვირდება, ნათქვამია „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 18 ივლისს გამოსცა.
ცვლილებების თანახმად, 1 აგვისტოდან სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი იღირება.
ნეფე-პატარძალი
ე.წ. გასვლითი ქორწინება საქართველოში უკვე 255 ლარი დაჯდება (170 ლარის ნაცვლად).
მათ, ვისაც ქორწინების რეგისტრაცია სურთ საზეიმო ვითარებაში, რომელსაც აუცილებლად უნდა ახლდეს მუსიკა, ყვავილები და შამპანური, 135 ლარის გადახდა მიუწევთ. უქმეებზე ეს რიტუალი დაჯდება 225 ლარი (150 ლარის ნაცვლად).
სარიტუალო მომსახურების საფასურის გადახდა იუსტიციის სახლში განაცხადის შეტანის დღეს ხდება.
ამჟამად თბილისში სამი ქორწინების სახლია, თითო-თითო – რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და სიღნაღში. ქორწინების რეგისტრაცია სულ რამდენიმე წუთში ასევე შესაძლებელია ნებისმიერ იუსტიციის სახლში.
წყარო - „საკანონმდებლო მაცნე“