კალაძე: თამარ მეფის გამზირზე საგზაო სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება

დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოების განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობის მიმართულებები უცვლელი დარჩება.
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. მირიან მეფის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირსა და ბალანჩინის ქუჩაზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებია დაგეგმილი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია/მოდერნიზება და ავტობუსისთვის განკუთვნილი ზოლის დახაზვა.

„ყოველივე ეს კეთდება იმისთვის, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი. თამარ მეფის გამზირზე სამუშაოები ჩატარდება ღამის განმავლობაში – 24:00-დან 06:00 საათამდე, მირიან მეფის ქუჩაზე კი საგზაო კუნძულის გარშემო არსებული გზის სავალი ნაწილი შეიზღუდება ერთი ზოლით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოების განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობის მიმართულებები უცვლელი დარჩება.
თბილისის მერმა საზოგადოებას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ სამუშაოებისთვის ზაფხულის პერიოდი მიზანმიმართულად შეირჩა, რადგან ამ დროს მოქალაქეების ნაწილი ქალაქგარეთ იმყოფება და თბილისში ნაკლები ავტომობილი გადაადგილდება.