მსოფლიო დღეს

ჯანმოს ახალი მონაცემები მაიმუნის ყვავილის შესახებ: ვირუსი უკვე 70 ქვეყანაში დაფიქსირდა

ამ დროისთვის მსოფლიოში მაიმუნის ყვავილით გარდაცვალების ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. წლის დასაწყისიდან მაიმუნის ყვავილი მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა, დაფიქსირდა 14 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
„რაც შეეხება მაიმუნის ყვავილს, წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში 70-ზე მეტი ქვეყნიდან და ტერიტორიიდან დაახლოებით 14.000 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის დაფიქსირდა გარდაცვალების ხუთი შემთხვევა, ყველა აფრიკაში“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა ბრიფინგზე.
ინფექციების უმეტესობა კვლავ ევროპაშია გამოვლენილი, ძირითადად მამაკაცებს შორის, რომლებსაც სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან ჰქონდათ, აღნიშნა მან.
ამასთან, ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოში აღნიშნეს, რომ მაიმუნის ყვავილი არ განიხილება სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციად, მაგრამ შეიძლება იყოს გადამდები ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით.
მაიმუნის ყვავილი — ცხოველებისა და ადამიანის ვირუსული დაავადება. ჩვეულებრივ მსუბუქი მიმდინარეობისაა, ადამიანების უმრავლესობა რამდენიმე კვირაში ჯანმრთელდება, იშვიათად შესაძლებელია გართულებები.
ადამიანებში დაავადება ინფიცირებიდან დაახლოებით ორ კვირაში ვლინდება, მისთვის დამახასიათებელია ციებ-ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე და დაღლილობა, ასევე ლიმფური კვანძების შეშუპება. რამდენიმე დღის შემდეგ სახესა და ტანზე ჩნდება გამონაყარი. საბოლოოდ ისინი იფარება ფუფხით და სცილდება, დაავადება კი ორ-სამ კვირაში გადის.