ეროვნულმა ბანკმა 200 ათას ლარამდე კრედიტის დოლარში გაცემის ნებართვა გასცა

კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი არ არსებობს, ამიტომ 200 ათას ლარამდე თანხა შეიძლება ნებისმიერი იყოს.
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით მოქალაქეების ნაწილს 200 ათას ლარამდე ვალის აღება უცხოურ ვალუტაში – დოლარში ან ევროში შეუძლია. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.
საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ვალის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და მხოლოდ სუფთა შემოსავლების ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, დადგენილია კრედიტზე ყოველთვიური გადასახადის ლიმიტი, კრედიტის ვადა, და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა დოლარში.

„კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200.000 (ორასი ათასი) ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულადაა უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში“, – ნათქვამია ბრძანებაში.

ანუ, ახალი წესით, პირს, ვისაც შესაბამისი ოდენობის დეპოზიტი უცხოურ ვალუტაში აქვს, კრედიტის აღება შეუძლია ქართულ ბანკებში უცხოურ ვალუტაში. უფრო მეტიც, ამ კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი დადგენილი არ არის, ამიტომ ეს ვალი 200 ათას ლარამდე ოდენობით ნებისმიერი თანხა შეიძლება იყოს.
ბრძანება 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
2022 წლის მაისის მდგომარეობით, ფიზიკური პირები საქართველოს ბანკებში ინახავენ დეპოზიტებს 19,9 მლრდ ლარის ოდენობით. აქედან 5,4 მლრდ ლარშია, ხოლო 14,5 მლრდ – უცხოურ ვალუტაში. შესაბამისად, დეპოზიტების დოლარიზაცია 72,6%-ს შეადგენს.