თბილისსა და ტაშკენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მერებმა საქართველო-უზბეკეთის ურთიერთობები განიხილეს და დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. თბილისი და ტაშკენტი ითანამშრომლებენ სხვადასხვა მიმართულებით – შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს და უზბეკეთის დედაქალაქების მერებმა კახა კალაძემ და ჯაჰონგირ არტიკხოჯაევმა.
მერების შეხვედრა ტაშკენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველო–უზბეკეთის ურთიერთობები განიხილეს და დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა, სხვადასხვა მიმართულებით ვითანამშრომლოთ, რაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა – თბილისსა და ტაშკენტს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ, კიდევ უფრო საინტერესო და მეგობრული გავხადოთ“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ტაშკენტთან თბილისის თანამშრომლობის განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, განსაკუთრებით, ტურიზმის სფეროში.
„მისასალმებელია ისიც, რომ უკვე პირდაპირი ფრენებია დანიშნული – კვირაში ორჯერ არის შესაძლებელი როგორც თბილისში, ასევე ტაშკენტში ჩამოსვლა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული მიმართულების განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქების მერები კახა კალაძე და ჯაჰონგირ არტიკხოჯაევი
გარდა ამისა, ტაშკენტისა და თბილისის მერებმა ტაშკენტის მერიის სიტუაციური ცენტრი მოინახულეს.
„მოხარული ვარ, რომ ქართველი მეგობრები ჩვენთან ასე ახლოს არიან ტრადიციების, კულტურისა და ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ჩვენ ეკონომიკურ ურთიერთობას ახლო მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავებთ“, – განაცხადა ტაშკენტის მერმა.
საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქების მერები კახა კალაძე და ჯაჰონგირ არტიკხოჯაევი
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, თბილისსა და ტაშკენტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში – ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების, მეცნიერების, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, კულტურის, სპორტის, ტურიზმის მიმართულებებით.
წყარო - თბილისის მერია