თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო. არსებობდა ვარაუდი, რომ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის მხრიდან, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა სკოლის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტს.
„პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით თანხა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.