საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი ახალი პროექტი დაიწყო

საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს ინგლისურ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის პრეპარატ AstraZeneca-თი დაიწყო.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოში დაიწყო ახალი პროექტი „საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის", რომლის მიზანიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის ამაღლებაა.
პროექტის ფარგლებში, რომელიც USAID-ს და UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება, იგეგმება ახალგაზრდების არა მხოლოდ ინფორმირება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, არამედ მათი ჩართვა ამ პროცესში.
პროექტის მონაწილეებმა უკვე გაიარეს ტრენინგი დარგის ექსპერტებთან და მიიღეს შესაბამისი ცოდნა. ახლა ახალგაზრდები თავიანთ სოფლებში, რაიონებში ან ქალაქებში თავად ჩაატარებენ საინფორმაციო კამპანიებს.
ამჟამად პროექტში საქართველოს 63 რაიონიდან 130-ზე მეტი მოზარდია ჩართული.
საქართველოში ვაქცინაციის მხარდამწერი აქცია დაიწყო
USAID და UNICEF ასევე ატარებენ კამპანიას „ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით!" კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებს მიეწოდებათ ინფორმაცია, რომელიც ეხმარება მათ განასხვავონ სიმართლე დეზინფორმაციისგან, გადაამოწმონ ის და გაავრცელონ.
ექსპერტები ყოველთვის საუბრობდნენ საქართველოში ვაქცინაციის დაბალ ტემპებზე კორონავირუსის გავრცელების პიკის დროსაც კი, რომელიც დაფიქსირდა 2022 წლის იანვარი–თებერვალში. იმ პერიოდში ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 3-6 ათასამდე იყო.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში სულ 2.904.080 აცრაა ჩატარებული. ორი დოზით ვაქცინირებულია 1.271.642 ადამიანი. მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზის გაკეთება 255.928 ადამიანმა გადაწყვიტა.
12-15 წლის მოზარდებში სრულად აცრილია 3.544 ადამიანი (1,88%). 16-17 წლის მოქალაქეებს შორის ორი დოზით ვაქცინირებულია 11.393 ადამიანი (13,92%).
ამჟამად ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები.
საქართველოში ვაქცინაციის მხარდამჭერი აქცია დაიწყო
საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს ინგლისურ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის პრეპარატ AstraZeneca-თი დაიწყო. ამერიკული Pfizer-ის ვაქცინები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 30 მარტს, ჩინური Sinopharm-ი 4 მაისს, ხოლო Sinovac-ი 24 მაისს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.