თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლო ტელეარხ „მთავარის“ გენერალური დირექტორის საქმის განხილვას განაგრძობს, სხდომა 4 ოქტომბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც დღევანდელ სხდომაზე სასამართლო კოლეგიის წევრებმა განმარტეს, აგვისტო შვებულებების პერიოდია, სექტემბერი სრულად შევსებულია, ამიტომ ოქტომბრამდე სხდომის ჩატარება შეუძლებელია.
„მოგვიწევს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში ჩანიშვნა სხდომის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩანიშნულია სექტემბერი, ფაქტიურად, შევსებული გვაქვს ბოლომდე. თუმცა შემდგომში შეგვიძლია, რომ თუ მხარეების სურვილიც იქნება და თანხმობაც, განვსაზღვროთ რამდენიმე სხდომის თარიღი და ვიმუშაოთ უფრო ეფექტურად და უფრო მეტი დროით", - განაცხადა მოსამართლემ, მერაბ ჯორბენაძემ.
თავის მხრივ, გვარამიას ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მომდევნო სხდომის ორთვენახევრის შემდეგ - ეს ვადების დარღვევაა.
„პირველი სხდომის თარიღი გათვალისწინებულია საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მე-6 ნაწილი უკვე ამბობს, რომ განაჩენი გამოტანილ უნდა იქნეს 2 თვის ვადაში საჩივრის დასაშვებობიდან. ეს 2 თვის ვადა იწურება 14 სექტემბერს“, - განაცხადა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
როგორც თავად გვარამიამ დღევანდელ მოსმენაზე განაცხადა, ის იბრძვის არა საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
„მე ვზივარ აქ იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის ვიბრძვი... პირობითად ნიკა გვარამიასთვის მე არ ვიბრძვი და მისი თავისუფლებისთვის, მე ვიბრძვი ამ ქვეყნისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის“, - აღნიშნა გვარამიამ.
აღნიშნულ საქმეზე გვარამიასთან ერთად ბრალი ჰქონდა წარდგენილი კიდევ ორ პირს – „რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას, რომელსაც სასამართლომ 50.000 ლარის ჯარიმა დააკისრა და კომპანია „ინტერ მედია პლუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
„რუსთავი 2“-სთვის მრავალმილიონიანი ზიანის მიყენების საქმეს წარმართავს სასამართლო კოლეგია: თავმჯდომარე მერაბ ჯორბენაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი.
რაც შეეხება ადვოკატებს, გვარამიას ინტერესებს იცავენ დიმიტრი საძაგლიშვილი და ქეთევან ჩომახიძე. დამენიას ადვოკატები არიან ბექა ბასილაია და კახაბერ წერეთელი. ბასილაია იაშვილის უფლებადამცველიცაა.
ბრალდების მხარეს წარმოადგენენ პროკურორები ვლადიმერ ვექელიანი და ზვიად გუბელაძე.