თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც „ომიკრონის“ ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან.
საქართველო კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში ფიქსირდებოდა 500-600 ახალი შემთხვევა, ხოლო გასულ კვირაში 7.812 შემთხვევა გამოვლინდა.
გაბუნიას ცნობით, „ომიკრონის“ შტამს ახასიათებს სურდო, ხველა, ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, დიარეა.
„ეს ის სიმპტომებია, რომლებიც ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს გაციების და გრიპის შემთხვევაში. ასეთ დროს არ არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები და ჰოსპიტალიზაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი ინფორმაციით, ოჯახის ექიმის მითითებების გათვალისწინებით, ვირუსის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სახლის პირობებში.
„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი
В.А.5 – აღნიშნული ქვეტიპით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებული, ისე კოვიდ-გადატანილი პირები.
სპეციალისტების განცხადებით, ინფექციის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების არარსებობა, მათ შორის ნიღბის ტარების რეჟიმის გაუქმება.
ეპიდემიოლოგების აზრით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მორიგ ფაზაში ოქტომბერში შევა.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 1.675.965 შემთხვევა. ვირუსი დაამარცხა 1.650.681-მა პირმა, გარდაიცვალა 16.854.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.