უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - ექვსი თვის მონაცემები

წლის პირველ ნახევარში თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვისა და რეალიზაციის 11.239 ფაქტი გამოვლინდა.
Sputnik
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში ამოიღეს 90.549 კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი და 381 კილოგრამი უაქციზო თამბაქო, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვისა და რეალიზაციის 11.239 ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.
სამართალდამრღვევი პირების მიმართ 885 ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საქმის მასალები სასამართლოს გადაეგზავნა, ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში სიგარეტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება>>
13 ფაქტზე საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად 2019 წლის შემდეგ გახდა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე.