მსოფლიო დღეს

შოლცი: მოსკოვის პირობებით შეთანხმების შემთხვევაში გერმანია სანქციების მოხსნას არ აპირებს

Sputnik
თბილისი, 18 ივლისი − Sputnik. ბერლინი არ აპირებს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინაში საზავო ხელშეკრულება გაფორმდება მოსკოვის მიერ თავსმოხვეული პირობებით, განუცხადა კანცლერმა ოლაფ შოლცმა Frankfurter Allgemeine Zeitung-ს.
მისი თქმით, გერმანიის ხელისუფლებამ იმთავითვე იცოდა, რომ რუსეთს სანქციები დიდი ხნით უწესდებოდა.

„ჩვენთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ სანქციების შენარჩუნება, შესაძლოა, დიდი ხნით მოგვიწიოს. ჩვენთვის ასევე ცხადია, რომ რუსეთის მიერ თავსმოხვეული პირობებით მშვიდობის დამყარების შემთხვევაში არცერთი ეს სანქცია არ მოიხსნება“, − აღნიშნა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ეს გზა, „თუნდაც ისეთი ძლიერი, აყვავებული ქვეყნისთვისაც“ კი, როგორიც გერმანიაა, საკმაოდ მძიმეა. ახლა გერმანიაში ბევრს დააწვა ტვირთად საწვავისა და სურსათის მაღალი ფასები და ბევრი შიშით ელოდება ელექტროენერგიის გადასახადს.
გერმანიამ ევროკავშირთან ერთად დაუწესა სანქციები რუსეთს უკრაინაში ჯარების შეყვანის საპასუხოდ. INSA-ს გამოკითხვის თანახმად, გერმანელთა მხოლოდ 12%-ს მიაჩნია, რომ რესტრიქციებმა რუსეთს უფრო მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე გერმანიას. გამოკითხულთა 47%-ის აზრით, თავად გერმანია უფრო დაზარალდა. დანარჩენები მიიჩნევენ, რომ შეზღუდვები ერთნაირად ცუდად აისახა რუსეთზეც და გერმანიაზეც.
წყარო: Frankfurter Allgemeine Zeitung