რაჭაში ახალი ეროვნული პარკი გაჩნდება

საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა, ტურისტებში ყველაზე პოპულარულია ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმეები.
Sputnik
თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. ონის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 50,8 ათას ჰექტარზე ეროვნული პარკი გაშენდება, განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის თქმით, ეს არის ახალი შესაძლებლობა რეგიონისთვის, რათა შენარჩუნდეს უნიკალური ბუნება, განვითარდეს შესაბამისი ეკოტურისტული სერვისები, დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობა, მათ მიიღონ შემოსავალი და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.

„დღეს საქართველოს მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში დაარსდება ახალი ეროვნული პარკი“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც შამუგიამ აღნიშნა, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორებისა და დონორების წინაშე აღებული ვალდებულებების კუთხითაც. საქართველომ მიიღო დაფინანსება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისგან (KFW), ასევე კავკასიის ბუნების დაცვის ფონდიდან (KFW). აღნიშნული დაფინანსებების ნაწილი სწორედ რაჭის დაცული ტერიტორიების განვითარებას მოხმარდება.
„ვფიქრობ, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიჰყვება ამ კურსს და ჩვენ ყოველწლიურად ვქმნით ახალ დაცულ ტერიტორიებს“, – აღნიშნა შამუგიამ.
ამჟამად ქვეყანაში 800 ათასამდე ჰექტარი დაცული ტერიტორიაა და წელს მისი ფართობი კიდევ დაახლოებით 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება.
საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა, მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს. ტურისტებში ყველაზე პოპულარულია ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმეები.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარი, 330 სახეობის ფრინველი და 160 სახეობის თევზი. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების 90 სახეობაა.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში 11 ეროვნული პარკია.