თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. პოლიციამ ჭიათურაში 54 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ბრალდებით დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაული ჭიათურის მუნიციპალიტეტში 15 ივლისს მოხდა. ორ მამაკაცს შორის ვალის გამო წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა მეორეს, რომელიც თავის კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. კერძოდ, გარდაცვლილი მძღოლი მგზავრის სავარძელზე გადაიყვანა, მისი ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ხევში გადააგდო, შემდეგ სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვეაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.