მსოფლიო დღეს

კულება: მოლაპარაკებები მხოლოდ რუსეთის დამარცხების შემდეგ გაიმართება

Sputnik
თბილისი, 18 ივლისი − Sputnik. რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ მისი დამარცხების შემდეგაა შესაძლებელი, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ გამოცემა „Forbes უკრაინისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ამ დროისათვის არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, ვინაიდან საამისო საფუძვლები არ არსებობს.

„ყველას ესმის, რომ მოლაპარაკებები პირდაპირ კავშირშია ფრონტზე არსებულ ვითარებასთან. მე ყველა პარტნიორს მარტივ რამეს ვეუბნები: რუსეთი მოლაპარაკებათა მაგიდასთან ბრძოლის ველზე დამარცხების შემდეგ უნდა დაჯდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ისევ ულტიმატუმების ენა იქნება“, − აღნიშნა კულებამ.

მინისტრს კომენტარი სთხოვეს დავით არახამიას განცხადებაზეც, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა აგვისტოს ბოლოს განახლდეს, როდესაც უკრაინა საბრძოლო მოქმედებების რუკაზე სიტუაციას შეცვლის. კულებას თქმით, საჭიროა ჯერ ფრონტზე შეიცვალოს ვითარება.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ამ საკითხში პრონციპულ პოზიციაზეა და მის შეცვლას არ აპირებს.
რუსეთმა უკრაინაში ჯარები მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაგზავნა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით − „უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის“ მიზნით, რასაც მოსკოვმა რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაცია უწოდა“.
წყარო: „Forbes უკრაინა“