თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი სამშობლოში ჩამოასვენეს, იუწყება „პირველი არხი“.
ქართველი მებრძოლი უკრაინაში 10 ივლისს დაიღუპა. ის უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ წავიდა და ლუგანსკის ოლქში იბრძოდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ. კახა გოგოლი მშობლიურ ფოთში გადაასვენეს.
არსებული ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში უკვე 17 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებს. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.