თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არარატ მირზოიანმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა თბილისში სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მირზოიანი და ბაირამოვი თბილისში პირველ ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. მანამდე მხარეები მოლაპარაკებებს მართავდნენ დუშანბეში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სამმხრივი შეხვედრების ფარგლებში.
საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განიხილებოდა „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივა და მისი როლი რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა მირზოიანთან განიხილა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, ეკონომიკური და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის მიმართულებით.
ბაირამოვთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივაზე და თანამშრომლობაზე ურთიერთსასარგებლო სფეროებში, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით.
გასული წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.