საქართველო შესაძლოა უცხოური სერიალების გადასაღებ მოედნად იქცეს

მოლაპარაკებები მიმდინარეობს კინოკომპანიების Lions Gate, Disney და Universal-ის წარმომადგენლებთან
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. პროგრამის“ გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქვეყნის ტერიტორიაზე ორი უცხოური სერიალისა და ერთი ფილმის გადაღების შესახებ, განახადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.
პროგრამას „გადაიღე საქართველოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.
„დღეს ჩვენ უკვე კონკრეტულ ფილმებსა და სერიალებზე გვაქვს მოლაპარაკებები, რამაც დაგვარწმუნა იმაში, რომ საქართველოზე ამ კუთხით საინტერესო ქვეყანაზე ისევ საუბრობენ“, - განაცხადა ხიდურელმა.
მისი თქმით, სააგენტოს თანამშრომლები უკვე შეხვდნენ კინოკომპანია Lions Gate-ის წარმომადგენლებს; ხოლო ისეთ კინოკომპანიებთან, როგორებიცაა Disney Universal, ურთიერთობები უფრო გაღრმავდა.
„ჩვენ დღეს გვაქვს 3 კონკრეტული მოლაპარაკება - 2 სერიალია და 1 ფილმი. აქედან გამომდინარე ძალიან მალე ამ ადამიანების საქართველოში ჩამოყვანას და მათთვის კონკრეტული ლოკაციების გაცნობას ვგეგმავთ“, - განაცხადა ხიდურელმა.
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 30-ზე მეტი პროექტი განხორციელდა.
ბოლო გახმაურებული პროექტია - ბლოკბასტერი „ფორსაჟი-9“, რომელმაც ქვეყნის ხაზინას 32 მლნ ლარი შემატა. თანხა მოიცავდა ტექნიკის, სივრცეების იჯარას და პერსონალის დასაქმებას. გადაღებები თბილისისა და რუსთავის ცენტრალურ ქუჩებში ერთ თვეზე დიდ ხანს გაგრძელდა.