ღარიბაშვილს თბილისში სომხეთ-აზერბაიჯანის წარმატებული დიალოგის იმედი აქვს

თბილისში იმედოვნებენ, რომ დიპლომატების შეხვედრა დიალოგის პოზიტიურ დინამიკას შეუწყობს ხელს
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ თბილისში სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების - არარატ მირზოიანის და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა წარმატებული იქნება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მირზოიანი და ბაირამოვი თბილისში პირველ ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. მანამდე მხარეები მოლაპარაკებებს მართავდნენ დუშანბეში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სამმხრივი შეხვედრების ფარგლებში.
„ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება თბილისში. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა იქნება წარმატებული და დიალოგის პოზიტიურ დინამიკას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის მეთაურმა ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ცალ-ცალკე შეხვედრები უკვე გამართა.
გასული წლის დეკემბერში ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.