თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქართულმა კლუბებმა კონფერენს-ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები გამართეს. თბილისის „დინამო“ და გორის „დილა“ ტურნირს გამოეთიშნენ, „საბურთალომ“ კი შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა.
საქართველოს თასის გამარჯვებულმა, თბილისის „საბურთალომ“ ორრაუნდიან დაპირისპირებაში ალბანური „პარტიზანი“ დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ბუქარესტის FCSB-ს („სტიაუა“) შეხვდება.
ლაშა ნოზაძის მიერ გაწვრთნილი გუნდი პირველ შეხვედრაში, რომელიც გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, ანგარიშით 0:1 დამარცხდა, შესაბამისად, ალბანეთში „საბურთალოს“ აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა.
საბურთალოელებმა გატანა შესვენების შემდეგ მოახერხეს. 53-ე წუთზე სწრაფი იერიშის შემდეგ იური ტაბატაძემ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი „პარტიზანის" საჯარიმოში ჩააწოდა, ირაკლი სიხარულიძემ კი ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა.
ძირითად დროში აღარაფერი შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი ტაიმები გახდა საჭირო. გუნდებმა ვერც დამატებულ ნახევარ საათში შეძლეს გოლების გატანა, ამიტომ პენალტების სერია დაინიშნა.
პენალტების სერიის გმირი საბურთალოელთა მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი გახდა, რომელმაც ჯერ ათანასკოსკის, ბოლოს კი გეიეს დარტყმული მოიგერია და თავისი გუნდი მეორე ეტაპზე გაიყვანა.
კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციკაციო ეტაპის მატჩები 21 და 28 ივლისს გაიმართება. ლაშა ნოზაძის გუნდი რუმინულ FCSB-სთან პირველ შეხვედრას შინ ჩაატარებს.
რაც შეეხება გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“, გორული კლუბი ევროპის კონფერენს-ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ფინურ „კუპსს“ დაუპირისპირდა და 0:2 წაგებული მატჩის შემდეგ ფრედ 0:0 ითამაშა. ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე ფინური გუნდი გავიდა.
თავის მხრივ, დედაქალაქურმა კლუბმა ძირითად დროში გაიმარჯვა (1:0) და დამატებითი ტაიმები დაინიშნა. „დინამომ“ პირველ დამატებულ ტაიმში მოახერხა გოლის გატანა, თუმცა საპასუხოც მალევე მიიღო. „პარტიზანი“–„საბურთალოს“ მატჩის მსგავსად, ამ შეხვედრაშიც გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, შემდეგ ეტაპზე კი ესტონური კლუბი გავიდა.