თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ალოგიკურია და ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმას, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივნისს დანიშნა. მისი აზრით, სესია, ისევე, როგორც კომიტეტის სხდომები ხელს შეუწყობს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას. მანამდე სახელმწიფოს მეთაურს აღნიშნული თხოვნით საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმართა.
„რბილად რომ ვთქვათ, ეს არის სრულიად ალოგიკური, არათანმიმდევრული და შეუსაბამო 12-პუნქტიან გეგმასთან მიმართებით. ვინაიდან პირველივე პუნქტი მიუთითებს იმაზე, რომ მხარეებმა უნდა იმუშაონ დეპოლარიზაციაზე. და მთლიანი არსი იმაშია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად დაჯდომა და საკითხების მომზადება უნდა შეძლონ“, – განაცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. ოპოზიციის ნაწილმა შემოთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი თქვა. ისინი მოიხოვენ მათი და არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმით მუშაობას.
არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმა, რომელსაც ოპოზიცია იშველიებს, მოიცავს კომიტეტების ნაწილის ხელმძღვანელობის ოპოზიციისთვის გადაცემას, არჩევნების სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესწორებების შეტანას, სასამართლო სისტემის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავებას, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას და სხვ.