თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე პირდაპირი პასუხი არ გაუცია, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, რომელმაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, განაცხადა, რომ გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში ის შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს კევინ ბურკს. საელჩოს თანამშრომელმა საუბრის დროს მას საქმის განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით იმით, თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა.
მოსამართლემ ეს შეაფასა, როგორც ანგარიშის წარდგენის მოთხოვნა. საპასუხოდ, დეგნანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ სასამართლო პროცესში ჩაერია, სიმართლეს არ შეესაბამება.
„როდესაც განცხადება კეთდება ასეთ საკმაოდ სკანდალურ თემაზე, ის საჭიროებს გარკვეულ პასუხს. ასეთი პასუხი ჩვენ ჯერ არ მოგვისმენია. მოსამართლემ გააკეთა განცხადება და პასუხი უნდა გასცეს მან, ვისი მისამართითაც იყო გაკეთებული განცხადება“, - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სკანდალური უწოდა „ნაცმოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებას. გოცირიძის თქმით, ჩხიკვაძე აშშ-ის „სანქცირებულთა სიის პირველი მერცხალი, უფრო ზუსტად პირველი ყვავია“.
„რომან გოცირიძე ადასტურებს, რომ ამერიკამ ქართველ მოსამართლეზე სანქციები დააწესა. ეს მე არ მითქვამს, ესარც კელი დეგნანის განცხადებაში იყო, „ნაცმოძრაობის“ განცხადებაში იყო მტკიცებით ფორმატში გამოთქმული პოზიცია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ჩხიკვაძემ განცხადების გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევროპარლამენტარი მაიკლ გალერის განცხადება მოისმინა გვარამიას საქმეზე, რომელიც ამჯერად თბილისის სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს.
მოსამართლემ აღნიშნა, რომ გალერმა ღიად მიუთითა სააპელაციო სასამართლოს, რომ გვარამია 19 ივლისს სხდომაზე უნდა გაამართლოს, რათა „გამოასწოროს ძველი შეცდომები", ანუ ჩხიკვაძის მიერ თითქოსდა დაშვებული შეცდომები.
რაც შეეხება აშშ–ის საელჩოს თანამშრომელს, ჩხიკვაძის თქმით, ბურკმა მას განუცხადა, რომ აშშ–ში რამდენიმე დღეში დაგეგმილი გამგზავრება, რომელიც უკვე გაწერილი იყო, არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს. დაგეგმილი იყო სისხლის სამართლის პროფილის ექვსი ქართველი მოსამართლის გამგზავრება.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მოსამართლემ პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისგან და მისცენ მოსამართლეებს საშუალება, მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
„მთავარი არხის" ჟურნალისტები დარწმუნებული არიან, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ ტელეარხიდან ფულის „ამოქაჩვა" მაშინ დაიწყო, როდესაც მასზე უფლებები ხალვაშმა განაცხადა. ქართული ყველა ინსტანციის სასამართლოებისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით "რუსთავი 2" ხალვაშს 2019 წელს დაუბრუნდა.